სასმელი წყალი
Monday, 17 November 2014
სასმელი წყალი
სასმელი წყალი სიცოცხლის ერთერთი აუცილებელი პირობაა. მის გარეშე დედამიწა მკვდარი პლანეტა იქნებოდა. დედამიწაზე სასმელი წყლის საერთო რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია: ამჟამად წლის განმავლობაში მთელ დედამიწაზე შესაძლებელია მხოლოდ საშუალოდ 12,5-დან 14 მილიარდ კუბურ მეტრამდე სასმელი წყლის გამოყენება. მოსახლეობის ზრდასთან ერთად ერთ სულზე სასმელად ვარგისი წყლის რაოდენობა მცირდება.ბევრ ქვეყანაში მწვავედ დგას სასმელი წყლის ნაკლებობის პრობლემა. პარადოქსია, მაგრამ ეს პრობლემა წყლით მდიდარ საქართველოშიც საკმაოდ აქტუალურია. ეს იმით აიხსნება, რომ წყლის დეფიციტს განსაზღვრავს არა მხოლოდ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ლანდშაფტი, არამედ მისი ეკონომიკური განვითარების და ცხოვრების დონეც.
ამ მიზეზების გამო დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი სასმელად ვარგისი წყლის მწვავე დეფიციტს განიცდის და იძულებულია ეს დეფიციტი არასასმელი წყლით შეავსოს.
სასმელად უვარგის წყალს ბევრი დაავადების გამოწვევა შეუძლია და ამ დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონს აჭარბებს.
როგორ გავარკვიოთ, წყალი სასმელად ვარგისია თუ არა?
შესაძლოა წყალი გარეგნულად საკმაოდ სუფთად გამოიყურებოდეს: არ ჰქონდეს არასასიამოვნო სუნი ან გემო, მაგრამ რეალურად დაბინძურებული იყოს და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება. წყლის სისუფთავეს და სასმელად ვარგისიანობას ადგენენ სპეციალური ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით. სასმელი წყლის ანალიზი უნდა კეთდებოდეს რეგულარულად, შესაბამისი წესის მიხედვით. ეს სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის მოვალეობაა. საქართველოს უმრავლეს რეგიონებში სასმელი წყლის კონტროლი ამჟამად, სამწუხაროდ, არ ხდება შესაბამისი სამსახურების დაფინანსების სიმცირის გამო. ამას ემატება ისიც, რომ ბევრგან მოშლილია ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა და მოსახლეობა სასმელად იყენებს თვითნაკეთი ზედაპირული და არტეზიული ჭების, წყაროს, მდინარის და სხვა წყალსატევების წყალს. ასეთი წყლის ხარისხის კონტროლი, მიუხედავად მოსახლეობის დიდი სურვილისა, ვერ ხერხდება მათი უსახსრობის გამო.
რით შეიძლება დაბინძურდეს სასმელი წყალი?
სასმელი წყლის დაბინძურებას უხშირესად თვითონ ადამიანები და მათი ნამოქმედარი (მრეწველობა, მიწათმოქმედება, ომები და სხვა) იწვევს. ამის მიზეზი შეიძლება წყალში ცხოველების გამონაყოფების ან მიწის ქანებში არსებული მომწამლავი არაორგანული ნივთიერებების მოხვედრაც გახდეს.
გამომდინარე იქიდან, თუ რითია დაბინძურებული წყალი, მან შეიძლება ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება გამოიწვიოს (იხილეთ ცხრილი).
Subscribe to:
Posts (Atom)